NBG.GE

სიახლე 
2018-08-29 15:23:58
ახალი მონეტის "ქართული წიგნი" რეალიზაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება ამ მნიშვნელოვან მოვლენას და მის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - "ქართული წიგნი" გამოუშვა.  

ავერსი: კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები - "Romae MDCXXIX" და "ႲႴႨႪႨႱႨ  ႹႶႧ", რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (შესაბამისად, "რომში, 1629" და "ტფილისი, 1709") . მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: "საქართველო 2018 Georgia".

რევერსი: კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "5", რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა "" დატანილი, ცენტრში კი - სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა "ლარი". მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: "Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018" ("ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018").


მონეტის ტექნიკური მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: ვერცხლი (Ag 925)
წონა: 15.5
დიამეტრი: 33 მმ
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2018 
მოჭრის რაოდენობა: 1500
მონეტის დიზაინის ავტორი: ირაკლი ფაღავა.
ზარაფხანა: LITHUANIAN  MINT

მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან  დაიწყება.
მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია.