1.       როგორ შემიძლია ვიყიდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ბანკნოტები/მონეტები და ნუმიზმატიკური პროდუქცია?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ლარის ბანკნოტების/მონეტების, და  ნუმიზმატიკური ფასეულობის  შეძენა შესაძლებელია:

·         საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში - თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17.00სთ-მდე;  შესვენება  13.00-14.00 სთ);

·         საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში - ყვარელი, რუსთაველის ქ. 10 (ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00სთ-მდე; შესვენება 13.00-14.00 სთ);

·         ინტერნეტ მაღაზიისhttp://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php მეშვეობით.

 

2.       ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის ფასს ემატება რაიმე თანხა?

ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, ფასს ემატება დაზღვევისა (შეძენილი პროდუქციის ფასის 0.4%) და მიწოდების თანხა (თბილისის ტერიტორიაზე 5 ლარის, ხოლო თბილისის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე 15 ლარის ოდენობით).

 

3.       ინტერნეტ მაღაზიით რა რაოდენობის პროდუქციის შეძენა შემიძლია ერთჯერადად შეკვეთით?

ინტერნეტ მაღაზიით შეკვეთის ერთჯერადად განთავსებით შესაძლებელია 5000 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა.

 

4.       როგორ ხდება ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობა?

ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისათვის საჭიროა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე (https://www.moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=386) რეგისტრაციის გავლა და რეგისტრაციისას თქვენს მიერ  მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ბმულის   გააქტიურება.

 

5.       როგორ მუშაობს მომხმარებლის კალათა?

შეკვეთისას პროდუქცია კალათაში ინახება  1 საათის განმავლობაში. შეკვეთის განუხორიელებლობის/არ დასრულების შემთხვევაში, არჩეული პროდუქცია 1 საათის გასვლის შემდეგ ავტომატურად წაიშლება კალათიდან.

 

6.       შემიძლია თუ არა ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ყიდვა უცხოური ბარათით?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის თანხის საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად  შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში ემიტირებული Visa, mastercard და American Express სისტემების საგადახდო ბარათების გამოყენება. გადახდის საშუალებად არ შეიძლება მიღებულ იქნას არაპერსონიფიცირებული და კომერციული (ბიზნეს, კორპორატიული) ტიპის ბარათები.

 

7.       ხდება თუ არა ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის მიწოდება საზღვარგარეთ?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

 

8.       შემიძლია ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიღება ნებისმიერ ადგილზე?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ იმ ადგილებში, რომელიც მითითებულია ფულის მუზეუმის ვებ-გვერდზე:

https://www.moneymuseum.nbg.gov.ge/uploads/gadazidva/001/geo_0001.pdf

 

9.       შემიძლია თუ არა ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით შეკვეთის განთავსება?

ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეძენა ხორციელდება მხოლოდ ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით.

 

10.   რა არის კოდური სიტყვა?

მომხმარებელმა შეკვეთის განხორციელებისას ველში „კოდური სიტყვა“ უნდა მიუთითოს ნებისმიერი სიმბოლო/ები, რასაც  შეკვეთის მიწოდებისას დააფიქსირებს კომერციულ ინვოისში.

კომერციულ ინვოისში კოდური სიტყვის მითითების გარეშე შეკვეთის მიმღებ პირზე პროდუქცია არ გაიცემა.

 

11.   რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ ჯერზე პროდუქციას ცალ-ცალკე რამოდენიმე შეკვეთის განთავსებით ვიყიდი?

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას ცალ-ცალკე, რამდენიმე შეკვეთად განათავსებთ,  მომხმარებელს მოუწევს თითოეულ შეკვეთაზე მიწოდებისა და დაზღვევის თანხის ცალ-ცალკე გადახდა.

 

12.   როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ მსურს  ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას მითითებული  მისამართის ცვლილება?

შეკვეთის მიწოდება ხდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე, შეკვეთის დასრულების შემდეგ მისამართის ცვლილება ვეღარ მოხდება.

 

13.   სად შეიძლება მივიღო დეტალური ინფორმაცია გადაზიდვის ტარიფების შესახებ?

პირობებისა და გადაზიდვის ტარიფების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ვებ-გვერდზე „ჩვენი მომსახურება“ https://www.moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=384

 

14.   რამდენ ხანში მოხდება ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის მიწოდება?

 საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდან პროდუქციის შეკვეთისას მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთის განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ახალი პროდუქციის  გამოსვლასთან დაკავშირებით, გაზრდილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეკვეთის მიწოდების ვადა დამატებით შესაძლოა გაიზარდოს, რაზეც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

 

15.   როგორ გავიგო როდის მომიტანენ ინტერნეტ მაღაზიით შეკვეთილ  პროდუქციას შეკვეთაში მითითებულ მისამართზე?

1.       გადამზიდავი კომპანია წინასწარ დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ შეკვეთის განხორციელებისას  მითითებულ ტელეფონის  ნომერზე;

2.       ფულის მუზეუმის ელ მაღაზიის ვებ-გვერდზე, თქვენს პროფილში, არსებულ შეკვეთებში შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ შეკვეთის სტატუსს.

 

16.   როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ  5 სამუშაო დღის განმავლობაში არ ვიმყოფები ჩემს მიერ ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთისას მითითებულ მისამართზე?

იმ შემთხვევაში, თუ მიმღები პირის მიზეზით დადგენილ ვადებში ვერ ხერხდება პროდუქციის ჩაბარება, ეროვნული ბანკი აუქმებს  მიღებულ შეკვეთას, მომხმარებელს უბრუნდება პროდუქციის ღირებულების თანხა, ხოლო ამ ქმედებებით გამოწვეული ყველა ხარჯის (მიწოდება, დაზვევა) ანაზღაურება მთლიანად დაეკისრება მომხმარებელს, რომელიც განხორციელდება საგადახდო ბარათზე დაბლოკილი თანხიდან.

მაგრამ ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს პროდუქციის შეძენა, მაგრამ ვარაუდობს, რომ პროდუქციის მიწოდებისას შესაძლებელია არ იმყოფებოდეს ადგილზე, შეკვეთის განთავსებისას შესაბამის ველში უნდა მიუთითოს იმ პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელიც შეკვეთაში მითითებულ მისამართზე ჩაიბარებს პროდუქციას.

 

17.   შესაძლებელია თუ არა, რომ ჩემს მიერ ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქცია ჩაიბაროს სხვა პირმა?

მომხმარებლის მიერ ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის სხვა პირის მიერ ჩაბარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეკვეთის განხორციელებისას შესაბამის ველში მუთითებს იმ პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, რომელიც პროდუქციას ჩაიბარებს შეკვეთაში მითითებულ მისამართზე.

 

18.   შემიძლია თუ არა თავად მივაკითხო ჩემს შეკვეთას საკასო ცენტრში?

ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთის საკასო ცენტრიდან გატანა ხდება მხოლოდ გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლის მიერ იმავე ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

 

19.   რა ხდება, თუ გადამზიდავმა კომპანიამ თავისი მიზეზით ვერ მოახერხა დადგენილ ვადებში შეკვეთის მოწოდება?

თუ პროდუქციის ადგილზე მიტანა არ მოხდა გადამზიდავი კომპანიის მიერ დადგენილ ვადაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე ეროვნულ ბანკს. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქციის მიტანის დაგვიანების შემთხვევაში, მოითხოვოს არსებული შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება სრულად.

 

20.   როგორ მოვიქცე, თუ ჩაბარებისას აღმოვაჩინე, რომ პროდუქცია დაზიანებულია  

თუ მიმღები პირი, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით,  დალუქული პროდუქციის გახსნისას აღმოაჩენს, რომ პროდუქცია დაზიანებულია, უარს აცხადებს პროდუქციის ჩაბარებაზე და პროდუქციის მიუღებლობის მიზეზის მოკლე შინაარსს უთითებს კომერციულ ინვოისში სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ გრაფაში, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

პროდუქციის დეფექტის და/ან გარეგნული დაზიანების გამო მიუღებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თავად შეამოწმებს დაბრუნებულ პროდუქციას და გონივრულ ვადაში, აცნობებს მომხმარებელს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ:

ა) ეროვნული ბანკი დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ეროვნული ბანკი მარაგში არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს იგივე დასახელების პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლზე. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაეკისრება განმეორებით მიწოდებისა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ეროვნული ბანკი დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ამასთანავე იგივე დასახელების პროდუქციის მარაგი ამოწურულია, ასეთ შემთხვევაში პროდუქციის შეძენის ხარჯი, მათ შორის მის მიწოდებასა და დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები, სრულად დაუბრუნდება მომხმარებელს და სხვა ვალდებულება ეროვნულ ბანკს არ დაეკისრება;

გ) ეროვნული ბანკი არ დაადასტურებს დაბრუნებული პროდუქციის დეფექტს და/ან გარეგნულ დაზიანებას, ამ შემთხვევაში მოხდება შეკვეთის გაუქმება, ხოლო პროდუქციის ადგილზე მიტანისა და დაზღვევის ხარჯების გადახდა დაეკისრება მომხმარებელს, რომლის ანაზღაურებაც განხორციელდება მომხმარებლის საგადახდო ბარათზე დაბლოკილი თანხიდან.

 

21.   როგორ მოვიქცე, თუ მოგვიანებით  აღმოვაჩინე, რომ ჩემს მიერ უკვე მიღებული პროდუქცია დაზიანებულია?

თუ მიმღები პირი პროდუქციას ჩაიბარებს გადამზიდავთან ერთად ვიზუალური დათვალიერების გარეშე, მოაწერს ხელს კომერციულ ინვოისზე და არ წამოაყენებს პრეტენზიას პროდუქციის დაზიანების შესახებ, მაშინ ითვლება, რომ მიმღებმა პირმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული პირობებით და სხვა ვალდებულება ეროვნულ ბანკს არ დაეკისრება.

 

 

22.   შესაძლებელია თუ არა ინტერნეტ მაღაზიით შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება?

საქართველოს ეროვნულ ბანკში შეძენილი საკოლექციო ან საინვესტიციო მონეტების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ნომინალური ღირებულებით.

 

23.   საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის  მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, რამდენ ხანში მოეხსნება ბლოკი თანხას?

შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს მომსახურე ბანკს მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე დაჯავშნილი თანხიდან ბლოკის მოხსნის თაობაზე.